„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში დარჩენა-გამოსვლის თემაზე მიმდინარე დისკუსიას "უაზროდ" მიიჩნევს და პარტიას კონკრეტული დღის წესრიგის შექმნისა და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. ხაბეიშვილის განცხადებით, დროის გამოგონილ დილემებზე კარგვის ნაცვლად, მთავარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა და საქმის კეთებაა. ხაბეიშვილის განცხადების სულისკვეთებას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. მათი განცხადებით შიდაპარტიული გარჩევების ნაცვლად „ქართული ოცნების“ ყველა ოპონენტი საერთო მიზნის, ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალები კი მიიჩნევენ რომ სწორედ ალიანსის ფორმატიაა ის საუკეთესო საშუალება, რაც საპროტესტო მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებს.