ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას იმისთვის, რომ როდესაც მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა, საქართველოს იგივე გამოწვევები არ ჰქონდეს, რომელთა გადაბარებაც მოუწია მრავალ თაობას ხელისუფლებაში მოსვლისას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის გუშინ გამართულ შეკრებაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამ ღონისძიებამ ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია და აუცილებელია ქართველი ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დებატებში.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა ჩართული იყოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას იმისთვის, რომ როდესაც მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა საქართველოს იგივე გამოწვევები არ ჰქონდეს, რომელთა გადაბარებაც მოუწია მრავალ თაობას ხელისუფლებაში მოსვლისას, არამედ იყოს იმ წერტილზე, რომლიდანაც შეეძლებათ საქართველოს განვითარებაში ახალი ეტაპის დაწყება და არა ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა ყველა ამ დისკუსიაში დღეიდანვე ჩართული იყოს. მინდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო, რომელიც ასე ღიად ყოველგვარი დახურული თემებისა თუ დახურული საკითხების გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მოიწვია ყველა, ვინც კი მზად იყო და ინტერესი ჰქონდა, რომ საღი დისკუსიის ნაწილი ყოფილიყო. ვნახეთ ჩვენ და ვაკვირდებოდით თუ რამდენად დიდი იყო მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების ინტერესი ამ ღონისძიების მიმართ. ეს კარგი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იყოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დებატებში ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.