ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთში საწვავის დეფიციტი, ომსა და უკრაინულ დრონებზე უფრო აქტუალური თემაა. ბენზინს ეძებენ ყველგან, მათ შორის სოციალური ქსელების ჩათებშიც კი, რასაც ადგილობრივი ხელისუფელბა დიდი უკმაყოფილებით ხვდება და ბლოკავს. უკვე პუტინსაც მოუწია იმის აღიარება, რომ საწვავის მიწოდების პრობლემებმა „არაკრიტიკული დეფიციტი“ გამოიწვია და აცხადებს, რომ საკმარისი მარაგის უზრუნველსაყოფად მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური შტაბი მუშაობს. ე.წ. ბენზინის ინფლაციის პარალელურად, რუსეთს სხვა პრობლემაც უდგას დღის წესრიგში, რასაც მათ ნავთობსექტორზე უკრაინული დრონების გადაფრენა იწვევს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსებს ჯერ არ დაუთვლიათ რამდენით შემცირდა უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად ნავთობპროდუქტების წარმოება, თუმცა უკვე ვარაუდობენ, რომ შედეგი შესაძლოა სანქციებზე უარესიც კი იყოს. ჯერ ეს მხოლოდ ვარდნაა და არა ჩამოშლა - იმშვიდებენ თავს დარგის წარმომადგენლები, თუმცა შიდა ბაზრის საწვავით მომარაგების საკითხზე შეხვედრა სამთავრობო დონეზე უკვე გამართეს, სადაც ითქვა, რომ რუსეთმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს უკრაინული დრონების მიერ ნავთობობიექტებზე თავდასხმების გავლენა, თუმცა როგორ? როცა უკრაინული დრონები ყველაზე მოულოდნელად იქ ჩნდებიან, სადაც მათ არ ელიან. პუტინმა, ასევე თქვა, რომ ადგილობრივი ბაზრის დასაცავად დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა განიხილება, რადგან საყოფაცხოვრებო სექტორის შემდეგ, საწვავის მომარაგების პრობლემები ახლა უკვე სოფლის მეურნეობის სექტორს შეიძლება შეექმნას, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის ეკონომიკისთვის, სურსათის ფასებზე დამატებით წნეხს ნიშნავს. ამჟამად რუსეთი თავისი ბენზინის მარაგებს იყენებს, რომლის მოცულობაც 1.7 მლნ ტონას შეადგენს, იმ იმედით, რომ ივლისში წარმოების მოცულობა ივნისის მაჩვენებლებს გადააჭარბებს. რუსული “კომერსანტი” წერს, რომ საწვავის კრიზისმა უკვე სატვირთო ავტოგადაზიდვებზეც იმოქმედა. გამოცემასთან ბაზრის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით, ციმბირში, სამხრეთ რუსეთსა და რამდენიმე სასაზღვრო ოლქში საწვავის შევსების შეზღუდვები და მიწოდების შეფერხებებია, რაც მარშრუტის დაგეგმვას ართულებს.“ კერძოდ, საწვავის მოლოდინის დრო ზოგჯერ შესაძლოა, ერთ დღემდე აღწევდეს, რის შედეგადაც, მაგალითად, ჩინეთის მარშრუტზე სატვირთო ავტომობილების ყოველდღიური გარბენი 600-700 კმ-დან 500 კმ-მდე შემცირდა. ამ ფონზე სატრანსპორტო კომპანიებმა ტარიფების გაზრდაც დაიწყეს. მოლოდინმა, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა რუსეთის ბიუჯეტს წაადგებოდა, არ გაამართლა. ივნისის ბოლოს არსებული მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯებმა 23,4 ტრილიონი რუბლი შეადგინა, მაშინ როც შემოსავალი მხოლოდ 15,6 ტრილიონი იყო. ბლუმბერგი წერს, რომ ცენტრალური ბანკი პუტინს აფრთხილებდა, რომ მაღალი საბიუჯეტი ხარჯები დეფიციტის სახაიფათო ზრდას გამოიწვევდა და ომზე გაწეული ხარჯების შემცირებას სთავაზობდა, მაგრამ მან ყური არ ათხოვა. ახლა კი ნავთობზე ფასების ვარდნამ და ენერგომატარებლების წარმოების შემცირებამ, ბიუჯეტის მდგომარეობა შესაძლოა კიდევ დაამძიმონ. და ეს იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ფინანსურო დამხამრება დრონებისგან დაზარალებულ ნავთობკომპანიებსაც სჭირდებათ, წარმოება რომ აღადგინონ. მანამდე კი რუსეთს ბენზინის ყიდვა დეფიციტის შესავსებათ სხვა ქვეყნებისგან მოუწევს.