მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის საჯარო მიმართვას ეკატერინა ივანიშვილმა უპასუხა და ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ შვილის დაკარგვის ტკივილის შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა დაზარალებული დედა ამ ტრაგედიაში მარტო არ არის. მისივე თქმით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ის დარწმუნებულია, რომ შესაბამისი უწყებები ამ საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, ყველა გარემოებას შეისწავლიან და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემენ. ეკატერინა ივანიშვილმა ეკა კუპატაძეს, როგორც დედას, სულიერი სიმტკიცე და გამძლეობა უსურვა. მანამდე გიგა ავალიანის დედა ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, როგორც შვილმკვდარი დედის გვერდით, დადგომა და საქმის სამართლიანი დასრულების მხარდაჭერა სთხოვა.