გასული წლის საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო განხილვა გრძელდება. ერთ-ერთი დაზარალებული, სამოქალაქო აქტივისტი ზვიად მაისაშვილი, ფიქრობს, რომ რეალური თავდამსხმელები პასუხისგებაში არ მიუციათ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება სამართალდამცავების დაკავებით საზოგადოებისთვის სამართლიანობის შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს და არ გამორიცხავს, საქმე გარკვეულ გარიგებებსაც უკავშირდებოდეს. მაისაშვილი განმარტავს, რომ ძალადობის დროს სახეს ხელებით იფარავდა, რის გამოც თავდამსხმელების იდენტიფიცირება ვერ შეძლო და დარწმუნებით ვერ ამბობს, არიან თუ არა დაკავებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც მასზე იძალადეს.