ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აზერბაიჯანს, ხვალ კი სომხეთს ეწვევა. ვიზიტებში მას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიც ახლავს. ევროკომისიის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემები სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის გაძლიერება, რეგიონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის პირობებში სომხეთის მხარდაჭერა იქნება. 1-ელ ივლისს ფონ დერ ლაიენი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს მოლაპარაკებებს. ორივე შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციები გაიმართება.