ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების და ავტორიტარული ხასიათის დამკვიდრების შედეგად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ აფილიაციას ირანთან - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ავტორიტარული სისტემის გამოყენებას იმიტომ, რომ ამ გზით შეუძლია მიიღოს გარკვეული რაოდენობის ადამიანების მხარდაჭერა ირანიდან წამოსული პოლიტიკური გზავნილების ფონზე, რასაც ამას ვიხილავთ არჩევნების შედეგებზე. ეს არის პარტიული ინტერესი, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველმა გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველო-ირანის ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
როგორც ტუმასიანმა აღნიშნა, მკვეთრად არის გაზრდილი ირანის გავლენები უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ქვემო ქართლში და ამ კონტექსტში დაკრძალვის ცერემონიაზე დაუსწრებლობაც შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა გახდეს.
„ის რეალობა, რომელიც დადგა ჩვენს ქვეყანაში, ქვემო ქართლში, მაგალითად, როდესაც ირანის გავლენები არის წარმოუდგენლად გაზრდილი ჩვენივე მოქალაქეებზე, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი. სანამ დასდევდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ტროტუარზე დგომის გამო თბილისში, ხელი შეუწყვეს პრაქტიკულად იმას, რომ ქვემო ქართლში წარმოუდგენლად გაზრდილია ირანის გავლენები და შესაბამისად, ნამდვილად რისკებიც არის არ დასწრების შემთხვევაში, მაგრამ სხვა და გაცილებით უფრო რთული ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა. პირველ რიგში, ირანის გავლენების ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ირანს ბუნებრივად გააჩნია შიიტ მოქალაქეებზე დედამიწის ნებისმიერ წერტილში ჰქონდეს ზეგავლენა, რადგან შიიტების იდეოლოგიურ ცენტრად აღიქვამს და აცხადებს თავს. ამის ფონზე „ქართული ოცნება“ ამ გავლენებს იმიტომ არ უშლის ხელს, რომ ეს არის ზეგავლენის კიდევ ერთი მექანიზმი საკუთარ მოქალაქეებზე. „ქართული ოცნება“ ხელს არ უშლის რუსეთის გავლენების ზრდას, ჩინეთის გავლენების ზრდას და კიდევ არაერთი ქვეყნის. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ავტორიტარული სისტემის გამოყენებას იმიტომ, რომ ამ გზით შეუძლია მიიღოს გარკვეული რაოდენობის ადამიანების მხარდაჭერა ირანიდან წამოსული პოლიტიკური გზავნილების ფონზე, რასაც ვიხილავთ არჩევნების შედეგებზე. ეს არის პარტიული ინტერესი და არა ქვეყნის ინტერესი. ეს არის ავტორიტარული ინტერესი, იმიტომ, რომ ზოგადად ავტორიტარულ ქვეყნებს სჩვევიათ შეთანხმება და ერთმანეთთან ვაჭრობა.
ამასთან, ტუმასიანის თქმით, ირანის სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრების გამართლებას რეგიონულ კონტექსტში ცდილობს და ამბობს, რომ იქ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებიც იქნებიან. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ორ საწინააღმდეგო არგუმენტს იშველიებს, რომელთაგან უმთავრესი ის არის, რომ საქართველო ყოველთვის ითვლებოდა რეგიონში ვაშინგტონის მჭიდრო მოკავშირედ.
„სახელისუფლებო პროპაგანდა ამას აფასებს იმ კონტექსტში, რომ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც ჩადიან ირანში ამ ღონისძიებაზე და შესაბამისად, მაგ ლოგიკაში საქართველოც იღებს მონაწილეობას. მაგ ლოგიკაში არის ერთი სერიოზული პრობლემა - საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ირანთან ამ ქვეყნებისგან განსხვავებით და ყოველთვის საქართველო იყო გაცილებით შორს ირანის შიდა თუ საგარეო პოლიტიკური პროცესებისგან და ამაზე მეტყველებდა ჩვენი ძალიან მჭიდრო კავშირები ვაშინგტონთან და ასევე ისრაელთან.
კონტრარგუმენტი, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების პოლიტიკის მსგავსს ატარებს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ვაშინგტონისთვის, რადგანაც სწორედ საქართველო იყო ყოველთვის ასოცირებული ვაშინგტონის ყველაზე მჭიდრო მოკავშირედ რეგიონში მიუხედავად თურქეთის ნატო-ს წევრობისა. ამიტომ ვაშინგტონი გააგრძელებს აუცილებლად სისტემურ მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველო გადასულია შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეთა იდეოლოგიურ ფრთაში“,- განაცხადა ტუმასიანმა.
კითხვაზე, ირანში ჩასვლა ახლა, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთ მთავარ პირობად სწორედ ირანთან ურთიერთობის გადახედვას აყენებს, იქნება თუ არა ეს პასუხი კითხვაზე: ვის ირჩევს „ქართული ოცნება“ - აშშ-ის თუ ირანს, ტუმასიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ირჩევს ჩინეთს, რომელსაც სამხედრო-პოლიტიკური კავშირები აქვს ირანთან.
„ქართული ოცნება“ ირჩევს ჩინეთს რეალურად. პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ჩინეთი არის მოდელი, რომლითაც უნდა განვითარდეს საქართველო და ჩინეთის მოკავშირე რეგიონში ნამდვილად არის ირანი, სამხედრო პოლიტიკური კავშირი გააჩნიათ, მათ შორის, იარაღის მიწოდება ხდებოდა, თუნდაც ომის დაწყებამდე. ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთ კონტურში ლაგდება. ჩინეთს და რუსეთს აქვთ მოკავშირეობის დოკუმენტი, ეს აქვთ ჩინეთს და ირანს და ასევე ირანსა და რუსეთს. ეს სამკუთხედი არის ბუნებრივი. სად არის „ქართული ოცნების“ მულტივექტორობა?! ევროკავშირთან დაანგრიეს პირდაპირი გაგებით ურთიერთობები. პრაქტიკულად, მტრობაში გადაიყვანეს ისეთ ტერმინებს იყენებს ბრიუსელის წინააღმდეგ. გერმანიის ელჩმა ახლა დატოვა საქართველო და როგორ გააცილეს? - სრულიად არაქართულად ყველა კულტურული ფენომენით. შეერთებულ შტატებთან სერიოზულად დაზიანებულია ნდობა, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პასუხი ნათელია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა შუა დერეფნის პროექტის გამოყენებას საკუთარი ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისთვის. ეს „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც შესაძლებლობა, რათა აიძულოს ვაშინგტონი და ბრიუსელი, რომ აღიარონ მისი რეჟიმი, როგორც არაერთ ქვეყანაში იძულებულია დასავლეთი ადგილობრივი რეჟიმების აღიარების, მაგრამ პრობლემა შეხვდათ - პრაქტიკულად თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით განიხილება ცენტრალურ აზიაში გასასვლელი, რაც საქართველოს ამ პროექტების მიღმა დატოვებს. გარანტირებული არ არის შუა დერეფანში საქართველოს მონაწილეობა,“ - განაცხადა ტუმასიანმა.