ლევან ახობაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს - დღევანდელი მდგომარეობით, ის მტკიცებულებები, რაც საქმეშია წარმოდგენილი, არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს რომ ადამიანს პატიმრობა შეეფარდოს,- ამის შესახებ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ დევს აღიარებითი ჩვენება, რადგან ლევან ახობაძე უდანაშაულოდ თვლის თავს.
„დღეს განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნული შუამდგომლობა. ჩვენ დავაყენებთ ამ პოზიციას. ლევან ახობაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს. საქმესთან დაკავშირებით ველოდებით რა დამატებითი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი. დღევანდელი მდგომარეობით, ის მტკიცებულებები, რაც არის საქმეში წარმოდგენილი, არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ადამიანს პატიმრობა შეეფარდოს.
რა თქმა უნდა, საქმეში არ დევს აღიარებითი ჩვენება, რადგან ის უდანაშაულოდ თვლის თავს ამ ბრალდებასთან მიმართებით“,- აღნიშნა კუპრაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, სულ რამდენი ჩვენება დევს ახობაძის წინააღმდეგ, კუპრაშვილმა აღნიშნა რომ „არც ისე ბევრია“.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.