მამუკა მდინარაძე - საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს - Palitra News

მამუკა მდინარაძე - საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს

2026-07-01 14:43:46+04:00

ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული მედია საშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - უფრო კონკრეტულად, საუბარია ახლად შექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.

მისი თქმით, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად.

„რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ - აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

ჩვენთვის ეს არ არის სიახლე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს, გარე დავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შს სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად.

„სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე.

ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ, შს სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები და ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს იმის განცდა, რომ შესაძლოა მოძალადე უმცირესობამ ვერბალურად იძალადოს კეთილსინდისიერ უმრავლესობაზე. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და გარწმუნებთ, ჩვენ ამ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.