მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე - პროკურატურაში განცხადებაა შესული: თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან - Palitra News

მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე - პროკურატურაში განცხადებაა შესული: თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან

2026-07-01 15:01:36+04:00

პროკურატურაში განცხადებაა შესული: სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - ანუ, დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან. როგორც ჩანს, ერთი იურისტი არ ჰყავთ გარშემო, უთხრას, რომ არ შეიძლება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველი „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ მოიქნია დასარტყმელად ხელი და პირველი მან შეიგინა.

„რა თქმა უნდა, ჩხუბი კარგი სანახავი არასდროს არის. ნორმალური და საღი გონების ადამიანი არ არსებობს, რომელსაც ჩხუბის ნახვა სიამოვნებს. ამ დღეების განმავლობაში მუდმივ სპეკულაციებს ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ მინდა რომ ხაზგასმა გავაკეთო - თუ გაგიგიათ მსოფლიოში პრეცედენტი, რომ გამოძიება დაწყებულიყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო? თუ, რა თქმა უნდა, სხეულის დაზიანების რაღაც ხარისხი არ გააჩნიათ ადამიანებს და ა.შ. მათ შორის, ევროპის და სხვა ქვეყნებში - პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი გაგიგიათ? ეს შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს - ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ აქ იმუნიტეტის ფაქტორი შემოდის.

როგორც მინიმუმ ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში პრაქტიკაში დაინერგა, რომ პარლამენტის მომხდარ ჩხუბებზე არასდროს არ იწყება გამოძიება, მაგრამ თუ იწყება პასუხისგებაში არავინ მიეცემა. გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცებისთვის და პირადად მე ვიყავი ობიექტი, რომელსაც მოპარვით, ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს. წარმოიდგინეთ, პირადად ჩემს წინააღმდეგ, რომ ასე ვირთხულად და მოპარვით დარტყმა ვიხილეთ, მერე რომ ვიღაცებმა იქ თავდამსხმელს ხელი დაარტყეს და იმაზე ბრაზდებოდნენ რომ როგორ დაარტყეს იმ ადამიანს ხელი. უწონებდნენ კიდეც. თუ მორალზე ვსაუბრობთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი იმაზეც ვისაუბროთ. გავიდა გამომსვლელი შარაშიძე, მიიღო დავალება, რომ პროვოკაცია უნდა მოეხდინა და ვინმე წამოეკიდებინა. შემოვიდა, დაიწყო პრემიერის შეურაცხმყოფელი საუბარი - ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პირველი მან [გიგა ფარულავამ] მოიქნია დასარტყმელად ხელი, პირველი მან შეიგინა - მიიღო სამწუხარო პასუხი და ამაზე ითხოვენ პასუხს. პროკურატურაში განცხადებაა შესული: სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - ანუ, დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან. ასეთი უმეცრება - როგორც ჩანს ერთი იურისტი არ ჰყავთ გარშემო, უთხრას, რომ არ შეიძლება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირება. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ - ვიღაც რომ ვირთხულად მოგეპარება და ხელს დაგარტყამს, როცა შენს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებ, მაგრამ ეს მაშინ არც კი მიფიქრია, რადგან ეს პრაქტიკა იყო. იმიტომ კი არ მიფიქრია, რომ ეს ძველბიჭური მიდგომის შედეგია, არამედ იმიტომ, რომ ეს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ საჩივარი ამ შემთხვევაშიც კი, როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისითაც აშკარად გამოკვეთილი იყო, არც მიფიქრია, რომ პროკურატურაში განცხადებით შევსულიყავი. ახლა, როცა თვითონ დაიწყეს პროვოკაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თვითონ მოიქნიეს პირველი ხელი და ამაზე საჩივრებს წერენ, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდითო, მაშინ ფარულავამ თქვას, რომ ხელის ქნევა, დარტყმა და დედის გინება მისი სამსახურებრივი მოვალეობაა. როგორც ჩანს, გახარიასგან ეს ვალდებულება აქვს დაკისრებული. ამ სისულელეს ნორმალური, ჭკუათმყოფელი და იურისპრუდენციასთან ახლოს მდგომი ადამიანი ალბათ არ გააკეთებდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.