ევროკავშირის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მეორე ადგილს იკავებს - Palitra News

ევროკავშირის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მეორე ადგილს იკავებს

2026-07-01 16:09:42+04:00

ევროკავშირის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც მეორე ადგილს იკავებს. Eurostat- ის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოში 2060 მოქალაქე დააბრუნეს.

გამოძევებულთა რაოდენობით საქართველოს უსწრებს თურქეთი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 3 555 მოქალაქე დააბრუნეს, მესამე ადგილს კი ალბანეთი იკავებს 2050 გამოძევებულით.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, მათ შორის, ვის მიმართაც 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დატოვების ბრძანება გაიცა, ყველაზე მეტი ალჟირის (11 105), მაროკოს (6 435) და სირიის მოქალაქეები არიან. აღნიშნული მონაცემით საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს თურქეთისა და ტუნისის შემდეგ - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 3310 მოქალაქის მიმართ გაიცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დატოვების ბრძანება.

2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების დატოვება ჯამში 108 475 ევროკავშირის არა მოქალაქე პირს მოსთხოვეს, ბრძანების გაცემის შემდეგ კი მესამე ქვეყნებში 34 550 ადამიანი დააბრუნეს.

2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, არაევროკავშირის მოქალაქე ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნების დატოვება მოსთხოვეს 12.8%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც მესამე ქვეყნებში გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ 8.1%-ით მოიმატა.

ქვეყნის დატოვების ბრძანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში (34 880), გერმანია (10 360) და ესპანეთი (9 275 ).

მესამე ქვეყნებში ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიამ (7300), საფრანგეთმა (3775) და პოლონეთმა (2660) დააბრუნეს.