არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი გიორგი მალანიაა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი გიორგი მალანიაა

2026-07-01 18:21:33+04:00

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს.

„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას უდასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მანამდე, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მალანია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთში დააკავეს.

გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის განცხადებით, „გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება“.

„რომ არ გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, მაგრამ საქმე ისაა, რომ გიგა მოკლეს 1-ელ ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა და კიდევ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება, იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ ბოლო მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს. გაკვეთილზეც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს", - განუცხადა ეკა კუპატაძემ „ტვ პირველს“.