თაზო დათუნაშვილი - ერთში მართლები არიან შარმანაშვილის დამცველები - კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - ერთში მართლები არიან შარმანაშვილის დამცველები - კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა

2026-07-01 19:38:03+04:00

2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ შარმანაშვილი ერევანში ელჩად დანიშნა. შარმანაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე თავად საუბრობდა... დღეს ამ კაცის მორალურ კომპასში ეჭვი შევიტანე და ამაზე გადარეულა მთელი "ქართული ოცნება", - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს და თან ტელეკომპანია „მაესტროს“ საარქივო სიუჟეტის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შარმანაშვილის ელჩად დანიშვნაზე გაკეთდა შეფასებები.

როგორც დათუნაშვილი წერს, შარმანაშვილი „პოლიტიკური ქამელეონია“, რომელმაც ყველა მთავრობაში მოასწრო ყოფნა.

„2010 წელია, საქართველოში სააკაშვილის გვიანი აბსოლუტიზმი მძვინვარებს, "ნაცების" მმართველობა ყველა ზღვარსაა გადასული, "მაესტროს" სიუჟეტი ჰყვება ამბავს თენგიზ შარმანაშვილის სააკაშვილის ელჩად დანიშვნის შესაღებ ერევანში და მის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე პრეზიდენტ სააკაშვილთან, ის თავად საუბრობს გამალებით.

ამ სიუჟეტამდე შარმანაშვილს უკვე მოსწრებული აქვს პუტჩის დროს "ედპ"-ში ყოფნა, შემდეგ შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირში" თანამდებობების დაკავება, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის მდივნობა, ამ სიუჟეტში კი სააკაშვილის ელჩია უკვე. აქ როდი ამთავრებს პოლიტიკურ ქამელეონობას, გავა რამდენიმე წელი და შარმანაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატი, თანამდებობის პირი და ლამის მთავარი სპიკერიც გახდება და მორალსაც გვიკითხავს მთელ ქვეყანას.

დღეს ამ კაცის მორალურ კომპასში ეჭვი შევიტანე "ტვ პირველის" ეთერში, ამაზე გადარეულა მთელი "ქართული ოცნება", ეს რა იკადრაო, ეს როგორ გააკეთაო, ჩვენ ასეთი კაცის თანაგუნდელობა განსაკუთრებით გვეამაყებაო… არადა, ჩემი ეს შეფასება ზეციდან კი არ ჩამოვარდნილა, შარმანაშვილმა ქართველობით გაამართლა ორ თანამდებობის პირზე, დეპუტატებზე ჯგუფური ძალადობის შემზარავი აქტი და ამას გამოვეხმაურე.

ისე კი, ერთში მართლები არიან მისი დამცველები, შარმანაშვილის პოლიტიკური შეფასებისას „ზეზეული გვამის“ ხსენება ნამდვილად ზედმეტი იყო, კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა - "მრგვალი მაგიდის გარდა", ყველა მთავრობაში მოასწრო ყოფნა“, - წერს თაზო დათუნაშვილის სოციალურ ქსელში.