OHCHR-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი OHCHR-ი „ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს:
გააუქმონ გადაადგილების შეზღუდვები და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ყველა გამშვები პუნქტი გახსნან; რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს ეხება გალისა და ახალგორის რაიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირებს; ხელი შეუწყონ დიალოგს და უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავისუფლად მუშაობა შეძლონ“.
„მხარეებმა გამოიძიონ სიცოცხლის უფლების დარღვევის, წამების ან არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი, უზრუნველყონ დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემა და მსხვერპლთათვის სათანადო კომპენსაცია; აღმოფხვრან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად „მხარეებმა გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ“.
„მხარეებმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და ძალადობას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ და უზრუნველყონ, რომ ქალებსა და გოგონებს უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე; უზრუნველყონ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით თანასწორი სარგებლობა და ხარისხიან განათლებაზე წვდომა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის საკუთარ მშობლიურ ენაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.