ლევან სამუშია - მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, მაინც განცვიფრებული ვარ, დღეს პირდაპირ და საჯაროდ გვითხრეს: „სად თქვენ და სად ჩვენო“ - პარლამენტი ტატამად უნდა გადააქციონ? - Palitra News

ლევან სამუშია - მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, მაინც განცვიფრებული ვარ, დღეს პირდაპირ და საჯაროდ გვითხრეს: „სად თქვენ და სად ჩვენო“ - პარლამენტი ტატამად უნდა გადააქციონ?

2026-07-01 22:18:06+04:00

გაოცებული და განცვიფრებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს. დღეს პირდაპირ და საჯაროდ გვითხრეს, სად თქვენ და სად ჩვენო, ანუ გამოდის, რომ კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთი არ არისო , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პარლამენტში მომხდარი ჩხუბი გამოძიების საბაბი არ გამხდარა.

სამუშიამ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომელიც მმართველი გუნდის წევრებსა და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შორის მოხდა.

მისი თქმით, დეპუტატის იმუნიტეტი გამოძიების დაწყებისგან და სისხლის სამართლებრივი დევნისგან პარლამენტის არცერთ წევრს არ იცავს.

„მდინარაძემ საქართველოს კონსტიტუცია და [დეპუტატების] იმუნიტეტი მოიყვანა მაგალითად. სრული აბსურდია, მსგავს რამეს საქართველოს კონსტიტუცია არ საუბრობს. იმუნიტეტი პარლამენტის წევრს სისხლის სამართლებრივი დევნისგან არ იცავს [ამ შემთხვევაში საუბარია გამამტყუნებელ განაჩენზე]. იმუნიტეტი იცავს აღკვეთის ღონისძიებისა და სხვა მოქმედებებისგან. ეს არის გამართლებისა და საკუთარი გუნდის წევრების შესაძლო დანაშაულის დაფარვის უნიჭო მცდელობა.

გამოძიების დაწყებას არანაირი განცხადება არ სჭირდება. გამოძიების დაწყების ვალდებულება აქვს პროკურატურას, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლებია სახეზე. არანაირი იმუნიტეტი ამისგან არ აზღვევს პარლამენტის წევრს.

აქ საუბარია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ თავდასხმაზე. იყო თუ არა ჯგუფური თავდასხმა? იყო თუ არა ეს ქმედება განგრძობითი? აქვე უნდა დავსვათ კითხვა, რისთვის არის საპყრობილეში მოთავსებული ქალბატონი მზია ამაღლობელი? იქ თუ სამართალდამცველია, აქ სახელმწიფო თანამდებობის პირია [დაზარალებული]. ვინც არ უნდა იყოს, მოქალაქეა და ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანასწორი, ყველას მიმართ დანაშაული არის დანაშაული.

დღეს კი გვეუბნებიან, რომ პარლამენტის შენობაში თუ რამე მოხდებაო, ძალადობა ან ჯგუფური, ორგანიზებული თავდასხმაო, რაღაც საერთაშორისო პრაქტიკა არსებობსო და... ამ ადამიანებმა მიიღეს კანონი და ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს საპატიმროში ათავსებენ. ეს ადამიანები დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე პარლამენტის შენობაში რაღაც განსაკუთრებული, წარმოუდგენელი და აუხსნელი ხდება, რომელსაც არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი კანონმდებლობა არ ცნობს, გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაც პრაქტიკა არსებობს და რა პრაქტიკა არსებობს ამისთანა, პარლამენტი ტატამად უნდა გადააქციონ და იქ ცემა-ტყეპა და ჯგუფური ძალადობა უნდა იყოს და ამაზე პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს? რაღაც მითური იმუნიტეტი იცავს პარლამენტის შენობაში მყოფ პირებს? არა, გამორიცხულია ეს. არის იმუნიტეტი, მაგრამ ის იმუნიტეტი გამოძიების დაწყებიდან და სისხლის სამართლებრივი დევნიდან არავის არ აზღვევს“, - განაცხადა სამუშიამ.