გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე  დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ - Palitra News

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე  დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ

2026-07-02 10:22:17+04:00

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ. უმაღლეს კომისარს საქართველოზე ანგარიშის წარდგენა გასული წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებული რეზოლუციით დაევალა. მედიისთვის დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია. კომისარი ანგარიშში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. ისინი ეხება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას და ადამიანის უფლებების დარღვევის იმ „სერიოზულ ბრალდებებს“, რომელსაც საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს. ასევე, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების გადახედვას. კომისარი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო. დოკუმეტში საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. უმაღლესი კომისრის ოფისი კონფლიქტში ჩართულ მხარეს მოუწოდებს: გააუქმონ გადაადგილების შეზღუდვები და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ყველა გამშვები პუნქტი გახსნან; რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს ეხება გალისა და ახალგორის რაიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირებს; ასევე ხელი შეუწყონ დიალოგს და უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავისუფლად მუშაობა შეძლონ.