ფეხბურთი | ბელგიამ სენეგალი დამატებით დროში დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა - Palitra News

ფეხბურთი | ბელგიამ სენეგალი დამატებით დროში დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა

2026-07-02 11:31:00+04:00

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა სეატლში გაიმართა, სადაც ბელგიის ნაკრებმა სენეგალი დამატებით დროში 3:2 დაამარცხა.

სენეგალმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. ჰაბიბ დიარამ ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ისმაილა სარმა სხვაობა ორამდე გაზარდა. აფრიკული გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ორგანიზებულად თამაშობდა და 85-ე წუთამდე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.

ბელგიელებმა გარდატეხა მატჩის ბოლო წუთებზე მოახერხეს. 86-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ სხვაობა შეამცირა, ხოლო სულ რამდენიმე წუთში იური ტილემანსმა ლეანდრო ტროსარის გადაცემის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ – 2:2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო.

დრამატული ფინალი 125-ე წუთზე დადგა. ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ ბელგიის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც იური ტილემანსმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. საბოლოოდ ბელგიამ 3:2 იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, ხოლო სენეგალი ტურნირს უმძიმესი მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ბელგიის ნაკრები მერვედფინალში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება.