ადვოკატი - გიორგი უძილაურის პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს - პროცესზე გააჟღერა, რომ ვიღაც უძილაური კი არა, არამედ ევროკავშირი ისჯებაო - Palitra News

ადვოკატი - გიორგი უძილაურის პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს - პროცესზე გააჟღერა, რომ ვიღაც უძილაური კი არა, არამედ ევროკავშირი ისჯებაო

2026-07-02 13:15:54+04:00

ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს - გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანია დევნიდა ებრაელებსო,- ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსისა და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და სასამართლოსთან საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მისი პოზიცია არ გაიზიარა.

„ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე გააჟღერა, რომ ვიღაც გიორგი უძილაური კი არა, არამედ ევროკავშირი ისჯებაო. თქვა, რომ გულბაათ რცხილაძე არ არის ჯაშუშიო, ის უბრალოდ პრორუსი არის და სახელმწიფომ პარიტეტი დაიცვაო, რომ ვითომ რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო. თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანია დევნიდა ებრაელებსო.

რაც შეეხება პროცესს, ჩვენი პოზიცია იყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე მისი დატოვება და საქმის შეწყვეტა, რადგან არ იყო მტკიცებულებათა სტანდარტი, რომელიც საქმის არსებით განსახილველად გადაცემას შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა. თუმცა, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა.

მტკიცებულებები არ არის. ჭორაობის დონეზე რომ ვისაუბროთ, ათასი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ საქმეში კონკრეტულად საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაცია, ან რა საიდუმლოზეა საუბარი, მას საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას არ ედავებიან, ჟურნალისტი იყო, ასეთი გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის",- განაცხადა ბექა გულედანმა.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, გიორგი უძილაური მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.