2026 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებდნენ, 1 012 440 შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით უცვლელი, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ მონაცემებს PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 2026 წლის მაისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე ყოვლეთვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა საერთო რაოდენობის 11.3%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 35.8%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მაისში 599-ლარამდე ხელფასი 114 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-დან 1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 185 ათასს შეადგენდა. გარდა ამისა, ქვეყანაში 350 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 363 ათასი ადამიანის ყოვლეთვიური ანაზღაურება 2400-ლარს აჭარბებდა. რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ ყოველთვიურ ხელფასს, მაისში 31 385 ადამიანმა აიღო.