ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსის საღი პერსპექტივიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ „დაუდექით ქართველ ხალხს გვერდით“. როგორ შეიძლება ეს, ვინმეს სწყინდეს - სამართლებრივი გადაწყვეტილება აქ მიღებული არ იქნება, ვინაიდან საფუძველიც არ არის სამართლებრივი, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, აქ, მნიშვნელოვანია არა ის, რას ამბობს კონკრეტული მოწმე, არამედ რა აერთიანებთ ამ მოწმეებს ერთმანეთთან.
„ზუსტად ვიცით, რაც მათ აერთიანებთ არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა მათგანი ამბობს, რომ აქციები იყო უწყვეტი და თითქოს, 28 რიცხვში არაფერი მომხდარა. ისინი მთელი ძალისხმევით ცდილობენ, რომ არ ახსენონ ირაკლი კობახიძის გვარი და არ ახსენონ განცხადება ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკოსების დასახელებას, აბსოლუტურად ყველა მათგანს სპეციალური მითითება აქვს მიცემული, სადაც სამი- ოთხი პოლიტიკოსი ჰყავთ გადანაწილებული და თითქმის, ერთი და იმავე ტერმინოლოგიის გამოყენებით, ერთი და იმავე აღწერილობით, ძირითადად ჟესტიკულაციაზე მითითებით ამბობენ, რომ პოლიტიკოსები მოძრაობით ხალხს აჩვენებდნენ პარლამენტისკენ. ეს არის ძირითადი შინაარსი. ფაქტია, რომ არსებობს საერთო გენერალური ინსტრუქცია, რა უნდა ახსენონ და რა არ უნდა ახსენონ და თანმიმდევრულად მიყვებიან ამ ინსტრუქციას.
დღეს, მაგალითად, გაჟღერდა ასეთი ფრაზა - „გადმოდით ნათელ მხარეს, გადმოდით ქართველი ხალხის მხარეს“. რა თქმა უნდა, ეს არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ეს არის ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსის საღი პერსპექტივიდან გაკეთებული განცხადება - „დაუდექით ქართველ ხალხს გვერდით“. როგორ შეიძლება ეს, ვინმე სწყინდეს. არცერთი გადაწყვეტილება, რაც ამ სხდომის დარბაზში აქამდე მიიღებოდა და მომავალში მიიღება, ჩემი სპეციალიზაციიდან სამართლებრივი გადაწყვეტილება აქ მიღებული არ იქნება, ვინაიდან საფუძველიც არ არის სამართლებრივი“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს