ჩვენი პარტნიორები, ვინც ჟენევის ფორმატში არიან, ყველა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მათი იქ ყოფნა. მთავრობაზე ნაწყენები არიან თუ არა, ეს არ მოქმედებს, რადგან ეს ფორმატი და ამ ქვეყნების გვერდში დგომა, ნიშნავს ქართულ სახელმწიფოსთან გვერდში დგომას , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთი მხარეებს მოუწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ“
როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, მიმდინარეობს ანექსიისთვის მზადება და ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება უნდა გაემახვილებინა.
მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში თითოეულ სიტყვასა და განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მისი შეფასებით, საქართველოს დელეგაციამ სათანადოდ ვერ იმუშავა.
„მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დასრულდა, რუსული მხარე ითხოვს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ეს არის საფუძველი იმისა, რომ შემდეგში ააწყონ სამართლებრივი გზა, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთ დონეზე წავიდა ჟენევის ფორმატი, რომ ყოველ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. როდესაც ცხინვალის რეგიონთან ხელშეკრულება გაფორმდა, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, ამ განცხადებას არ მოჰყოლია თანათავმჯდომერეების განცხადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ე.ი. ქართულმა დელეგაციამ არ იმუშავა.
სუს-ის დასკვნაა, რომ მზადდება ანექსია და ამის ავტორია კირიენკო. ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უსაფრთხოების სამსახური, წვდომა აქვს სუს-ს, რომელმაც ეს დაადასტურა. აქამდე ასეთ განცხადებას რუსეთი არ ბედავდა. კი განცხადებას აკეთებდნენ, მაგრამ მოწოდების სახით და არა ასეთი თავხედური განცხადებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, დღის წესრიგშიც, არ დგას ასეთი დოკუმენტი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი აქცენტები გაეკეთებინა.
ჩვენი პარტნიორები, ვინც არიან ჟენევის ფორმატში, ყველა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მათი იქ ყოფნა. მთავრობაზე ნაწყენები არიან თუ არა, ეს არ მოქმედებს, რადგან ეს ფორმატი და ამ ქვეყნების გვერდში დგომა, ნიშნავს ქართულ სახელმწიფოსთან გვერდში დგომას, მაგრამ ქართულ დელეგაციას უნდა ემუშავა, განცხადება უნდა გაეკეთებინათ იმასთან დაკავშირებით, რაც კეთდება ოსეთში“,- განაცხადა დავითაიამ.