სოფიო ხორგუანი - „ოცნების“ დეპუტატებს ეგონათ, სატრაბახო ექნებოდათ ივანიშვილთან, არ გამოუვიდათ, შეუძლებელია ვინმეს მოსწონებოდა, როგორ ურტყამს 30 ადამიანი ორს - იმუნიტეტზე ტყუილი თქვა მდინარაძე, არც ასეთი უცოდინარია, იმუნიტეტმა დაიცვა მელია? - Palitra News

სოფიო ხორგუანი - „ოცნების“ დეპუტატებს ეგონათ, სატრაბახო ექნებოდათ ივანიშვილთან, არ გამოუვიდათ, შეუძლებელია ვინმეს მოსწონებოდა, როგორ ურტყამს 30 ადამიანი ორს - იმუნიტეტზე ტყუილი თქვა მდინარაძე, არც ასეთი უცოდინარია, იმუნიტეტმა დაიცვა მელია?

2026-07-02 22:48:58+04:00

მუნიტეტი დეპუტატს იმისგან არ იცავს, რომ მასზე გამოძიება არ დაიწყოს. პროკურატურას გამოძიების დაწყების უფლებაც აქვს და საქმის სასამართლოში გადაგზავნისაც. ეს ნიკა მელიას საქმეზეც ვნახეთ , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ხორგუანმა პარლამენტში პრემიერი-მინისტრ, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ხორგუანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიისა და ხელისუფლების შტოებს შორის დამოუკიდებლობის პრობლემებზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, მდინარაძის განცხადება, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებენ.

„რაც ილაპარაკა მამუკა მდინარაძემ, არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში „კლანური“ მმართველობა გვაქვს. ის უწყებები, რომლებიც ერთმანეთს უნდა აკონტროლებდნენ, ერთმანეთს ექვემდებარებიან და იცავენ. ეს დაადასტურა მამუკა მდინარაძემ. როდესაც სხვა დროს მას მიუთითებდნენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემაა და არ არსებობს კანონის უზენაესობა, ერთ-ერთი არგუმენტი იქნება მისი ეს კონკრეტული განცხადება, როდესაც ის პირდაპირ მიუთითებს პროკურატურას თუ რა უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება იმუნიტეტს, დიდი ტყუილი თქვა, რადგან არც ისეთი უცოდინარი მგონია, ის რაც მესამე კურსის სტუდენტმა იცის, მამუკა მდინარაძემაც უნდა იცოდეს - იმუნიტეტი დეპუტატს იმისგან არ მიცავს, რომ ჩემზე ძიება არ შეიძლება დაიწყოს. პროკურატურას გამოძიების დაწყების უფლებაც აქვს და საქმის სასამართლოში წაღების უფლებაც. ეს ხომ ვნახეთ ნიკა მელიას შემთხვევაში? იმუნიტეტმა დაიცვა იმისგან , რომ გამოძიება არ დაწყებულიყო?“, - განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, ასევე უსაფუძვლოა ბრალდებები, თითქოს დაპირისპირება „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა გამოიწვიეს.

„იმას, რომ ჩვენ დავიწყეთ გინება, ამას ვერ გვიბედავენ. თავისი პოზიციის გასამტკიცებლად ვერ იყვნენ, რადგან ჩვენ, რაც ვიხილეთ, ორი დეპუტატის - გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას ჩაქოლვის მცდელობა 30-მდე ადამიანის მხრიდან, არაფერ შუაში არ არის,არც ჩხუბთან ან კამათთან, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ არგუმენტს, რაც რაც მათ მოჰყავთ, თურმე ჩვენ გამოვიწვიეთ და შეურაცხყოფას ვაყენებდით. პარლამენტში ჩვენი შესვლის დღიდან ხან აგენტებს, ხან მოღალატეებს გვეძახიან“,- განაცხადა ხორგუანმა.

მან ასევე ოპოზიციის იმ ნაწილსაც მიმართა, რომელიც პარლამენტში არ შევიდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოში უნდა გაეგრძელებინათ.

„ზარქუას განცხადება, რომ აქამდეც უნდა გვეცემაო, წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს ეს ჰგონიათ პოლიტიკა, საქმის კეთება და ნორმატიული ლექსიკა? ეს არის უვიცი, უტიფარი, სკამს ჩაბღაუჭებული, იმიტომ, რომ ამ სკამის გარეშე არავინ არიან. მათთვის ეს სკამი არის ფულის შოვნის საშუალება. რომელი ზარქუა ლაპარაკობს ამას, მთელი ოჯახი კორუფციაში რომ ჰყავს ჩართული? რომელი მათიკაშვილი ლაპარაკობს ამაზე, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში მარტო იმაზე ფიქრობს როგორ გაიჩინოს უფრო მეტი შემოსავალი? მათიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების ტაშისმკვრელი იყო და ამ ხელისუფლებისას, ოღონდ სკამი და შემოსავალი ჰქონდეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, თავიანთ საქმეს მიხედონ. ჩვენ როგორმე გავერკვევით. დიახ, ბატონო ჩემო, ომში რომ შევდიოდით, ვიცოდი. არავის მითითება არ გვჭირდება.

ის ოპოზიციონერი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, შემოსულიყო პარლამენტში და ებრძოლა, ახლა გარედან რაღაც განცხადებებს რომ აკეთებს. შემოსულიყვნენ და ეომათ“,- განაცხადა ხორგუანმა.

მისივე შეფასებით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ იყო დაგეგმილი.

„სიმართლე გითხრათ მამუკა მდინარაძის მიერ დაორგანიზებული ეს თავდასხმა, სკამებზე მოხტუნავე და ქანდარიდან მოხტუნავე გორდულაძე, აგრესიული და მოღრიალე კირცხალია და დანარჩენები, ეს ყველაფერი მამუკა მდინარაძის დაგეგმილი და დაორგანიზებული იყო. ეგონათ, რომ ამით ქულას ჩაიწერდნენ და სატრაბახო ექნებოდათ ბიძინა ივანიშვილთან. ჰოდა, არ გამოუვიდათ. შეუძლებელია ვინმეს მოსწონებოდა ის, თუ როგორ ურტყამს 30 ადამიანი 2 დეპუტატს. შეუძლებელია ამის გამართლება. თუ ჰგონიათ, რომ კითხვებს არ დავსვათ, კიდევ უფრო მწვავე კითხვებს დავსვათ“,- განაცხადა ხორგუანმა.