საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე კომპანია „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - Palitra News

საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე კომპანია „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

2026-07-03 16:31:13+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე კომპანია „ლაგი კაპიტალის” მფლობელები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება, მშენებლობის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად, ბრალდებულებმა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, კომპანია „ლაგი კაპიტალის” სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს. ტენდერებში გამარჯვების შემდეგ, ბრალდებულებმა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული.

„შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ - 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.

თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოლოოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად 10 - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.