დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი - აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა - Palitra News

დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი - აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა

2026-07-03 18:28:23+04:00

ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე - აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, - ამის შესახებ თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ქმართან ერთად გადმოვიდა.

„მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე არის, მაგრამ მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ.

ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც ტოვებენ და გარბიან. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და დააკავეს“, - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან”.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 21 ივნისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, ქალი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ ავტომობილს მიაჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.