ოპოზიცია ქვეყანაში სურსათზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასებს აკრიტიკებს და ხელისუფლებას ინფლაციის შემცირებისკენ მოუწოდებს.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული ფასების შემცირება არ განხორციელდა, მაშინ როცა, „საქსტატის“ მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 5,8 პროცენტი შეადგინა და პირველადი მოხმარების არაერთი პროდუქტი გაძვირდა. მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრის გზად პარტია საწვავზე აქციზისა და სასურსათო პროდუქტებზე დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირებას, ასევე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას მიიჩნევს.
მსგავსი მოთხოვნები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, აუცილებელია საწვავის აქციზის შემცირება, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება და, მათი შეფასებით, კორუფციული დანამატების გაუქმება.