პროკურორი - რატომ დღეს და არა, 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ, გიორგი მალანიას სახელი ავალიანის საქმეში არც კი ჟღერდებოდა - შესაძლებელია კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც დავიწყებთ დევნა - Palitra News

პროკურორი - რატომ დღეს და არა, 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ, გიორგი მალანიას სახელი ავალიანის საქმეში არც კი ჟღერდებოდა - შესაძლებელია კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც დავიწყებთ დევნა

2026-07-04 14:13:13+04:00

რატომ დღეს და რატომ არა, დავუშვათ, 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ, გიორგი მალანიას სახელი გიგა ავალიანის საქმეში არც კი ჟღერდებოდა. მტკიცებულებები არ არსებობდა მის წინააღმდეგ - შესაძლებელია გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც დავიწყოთ დევნა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, ამ დრომდე რატომ არ იყო დაკავებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია მოკლული მასწავლებლის საქმეზე.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა.

ქეთევან სონიძის განმარტებით, ბრალდებას შუამდგომლობაში მითითებული ჰქონდა არა მხოლოდ მიმალვის, არამედ ახალი დანაშაულის ჩადებისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების საფრთხეები.

„რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ ის აპირებდა მიმალვას და სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული. ასევე, რაც შეეხება მტკიცებულებებზე უკანონოდ ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ისევ გრძელდება გამოძიება. შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც შესაძლებელია მომავალში იქნეს გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყოთ დევნა. რომ არ მოხდეს იმ პოტენციურ ბრალდებულებთან რაიმეზე შეთანხმება, რაიმე ინფორმაციის შეცვლა, დამახინჯება, წაშლა და ა.შ. ან თუნდაც უკანონოდ ზემოქმედება, სწორედ ამ საფრთხეზეც მივუთითებდით ჩვენ შუამდგომლობაში.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ბუნებრივია, თავიდან, ხელახლა არავინ დაესხმის თავს უკვე მოკლულ ადამიანს ან სხვა ძალადობრივ ქმედებებს არ ვგულისხმობთ ამ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეში, ჩვენ ამ საფრთხეს მოვიაზრებთ, როგორც სამართალწარმოების წინააღმდეგ ჩასადენი დანაშაულის საფრთხეზე. ანუ შესაძლებელია, რომ მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედება მოხდეს და ეს თავისთავად ახალიო დანაშაულის ჩადენის საფრთხეს“, - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

ქეთევან სონიძის განმარტებით, ავალიანის საქმეზე ჯამში 7 პირის მიმართ უკვე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება, გიორგი მალანია კი მე-8 ადამიანია აღნიშნულ საქმეზე, ვინც პასუხისგებაში მიეცა.

რაც შეეხება საკითხს, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ნია იმნაძე მოწმის სტატუსით დაიბაროს გამოძიებამ, როგორც პროკურორმა აღნიშნა, თუ გამოძიების ინტერესი ამას მოითხოვს და ექნებათ კონკრეტული კითხვები ნია იმნაძესთან, მისი დაბარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და „ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დაიბარებენ და დაკითხავენ“.

„გამოძიება გრძელდება, ყველა ინფორმაცია, რაც აქამდე მოვიპოვეთ, უკვე შესწავლილია, თუმცა კიდევ ველოდებით სხვა ინფორმაციას. META-ში გაგზავნილია საერთაშორისო შუამდგომლობა დახმარების ფარგლებში და იქიდან ველოდებით პასუხს. ამ აღდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე შესაძლებელია მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა პირების მიმართ. კონკრეტულად არ ვსაუბრობ ნია იმნაძეზე, ზოგადად ვსაუბრობ, რომ შესაძლოა გამოძიებამ მიგვიყვანოს სხვა ლოგიკურ შედეგამდე და სხვა პირებამდე“, - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს მისი [გიგა ავალიანის] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან.