მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიორგი მალანიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ მიმალულა და დაკავებამდე სოფელში იმყოფებოდა, თუმცა, მისი თქმით, ბრალდების მხარე ამას მიმალვის მცდელობად წარმოაჩენს. ადვოკატის თქმით, პროკურატურა იანვარში მოპოვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა. უფლებადამცველი ინტერესდება რატომ არ წარუდგინეს მალანიას ბრალი მაშინვე. პროკურატურა კი განმარტავს, რომ ცხრა თვის წინ გიორგი მალანიას სახელი ავალიანის საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდა და სწორედ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა მისი შესაძლო როლი. პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, გამოიკვეთონ სხვა პოტენციური ბრალდებულებიც, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება.