ტრამპის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება შეეძლოთ - Palitra News

ტრამპის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება შეეძლოთ

2026-07-05 14:15:07+04:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვის ცერემონიაზე სამი ვაჟი გამოჩნდა, თუმცა არა მისი მემკვიდრე.

Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ ლოცულობდა ხამენეის სამი ვაჟი - მუსტაფა, მეისამი და მასუდი თეირანის იმამ ხომეინის დიდი მოსალას უზარმაზარ ეზოში დასვენებული კუბოების უკან. თუმცა, კადრებში არ გამოჩენილა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი - მოჯთაბა.

Reuters-ი წერს, რომ 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში განხორციელებული დარტყმების შემდეგ მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც მისი ფოტო გამოქვეყნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმედ დაიჭრა 28 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დროს, რომლის დროსაც მამა და ოჯახის სხვა წევრები დაიღუპნენ. Reuters-ს მოჯთაბა ხამენეის ახლო გარემოცვის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას სახე დასახიჩრებული აქვს და ერთი ან ორივე ფეხი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.

ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონია გრძელდება. ორშაბათს, თეირანის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რის შემდეგაც აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ყუმის სასულიერო სემინარიაში გადაასვენებენ, რომელიც ირანის შიიტური იერარქიის ცენტრია, იქიდან კი ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ შიიტების წმინდა სალოცავ ქალაქებში, ნაჯაფსა და კერბალაში. ხუთშაბათს აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ირანში დააბრუნებენ და ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.