საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში განიცდის ოკუპაციას და ამ კონტექსტში, გვსურს მკაცრად დავგმოთ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ჩვენს მიერ ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში, გვსურს მკაცრად დავგმოთ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. სახელშეკრულებო შეთანხმება ან სხვა აქტი, არის და იქნება ბათილად ცნობილი.