რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართავენ. წერილი პარლამენტის წინ წაიკითხეს. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა, მათი შეფასებით, ხელისუფლება მიზანმიმართულ ანტიევროპულ პოლიტიკასა და დეზინფორმაციას აწარმოებს, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და რეპრესიული პოლიტიკით მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს. ავტორები მადლობას უხდიან ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხზე გამოხატული სოლიდარობისთვის. აცხადებენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ მანამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან დაკავებული პირები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.