ცდილობენ, რომ დეპუტატის იმუნიტეტით გაამართლონ მათი დანაშაული, ეს იყო ჯგუფური და ორგანიზებული ფიზიკური თავდასხმა პარლამენტის წევრებზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიება მყისიერად დაეწყო და ამას არ სჭირდება მტკიცებულებების წარდგენა პროკურატურისთვის.
„არ არის საჭირო არანაირი მტკიცებულება. ჩვენი განცხადებაც არ იყო საჭირო. კადრები იყო საჯარო, მასმედიით გავრცელებული და პროკურატურა იყო ვალდებული, იმ წუთასვე დაეწყო გამოძიება. პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, მის მიმართ არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. დეპუტატი შეძლება მყისიერად ვერ დააპატიმრონ, ვერ გაჩხრიკონ, იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, მას იცავს, მაგრამ თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, არავინ არაა დაცული, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.
ყველაზე მთავარი კიდევ ისაა, რომ გამოვიდა მამუკა მდინარაძე და პირდაპირ თქვა: „ამ ქვეყანაში კანონიც, სამართალიც, ყველაფერი ვარ მე“. თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა, ეს ხალხი ჩემი მეგობრები არიანო, სიტყვა-სიტყვით ასე თქვა, გულითაც რომ გინდოდეთ, გამოძიება ვერ დაიწყებაო. მე ვფიქრობ, თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს მოეკითხება, პარლამენტის წევრს და თანამდებობის პირს ათჯერ მეტი მოეკითხება, პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა მობოდიშების მცდელობა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან, გიორგი შარაშიძე აცხადებს: „შიგადაშიგ არის ასეთი შემოთვლა, რომ „იცით, მე არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა? სხვა გზა არ მქონდა“.
„პირადად არა, მაგრამ თბილისია, არსებობს გარკვეული ურთიერთობები, მათ შორის საერთო ადამიანები, რომლებიც შეიძლება საერთო კონტაქტებად ჩავთვალოთ და რა თქმა უნდა, შიგადაშიგ არის ასეთი შემოთვლა, რომ „იცით, მე არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა? სხვა გზა არ მქონდა“ და ა.შ. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ორგანიზებული იყო, დავალება იყო გაცემული. ნორმალურს ვის ენდომებოდა ეს, უბრალოდ, ასეთი სისტემაა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
აღნიშნულ ფაქტს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა: „პროკურატურაში განცხადებაა შესული: თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან“.