უკრაინაში ომის აქტიური ფაზა შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ომის აქტიური ფაზა წელს დასრულდეს, მან უპასუხა, რომ არსებობს შანსი, მაგრამ მანამდე შემდგომი ესკალაციაა მოსალოდნელი.
„შანსი არსებობს და მოლაპარაკებები გაზაფხულზე ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობდა. ახლა ყველანი ესკალაციის ფაზაში შევედით, ყველას ესმის ეს. ესკალაციიდან გამოსვლა, როგორც წესი, მაქსიმალურ ესკალაციას მოითხოვს. ანუ ესკალაცია, დეესკალაცია და შემდეგ დიალოგის გაგრძელება. თუ მხარეები დაინტერესებულნი არიან ამით“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი თქმით, შესაძლებლობის ეს ფანჯარა, სხვა საკითხებთან ერთად, ნოემბერში აშშ-ის არჩევნებს უკავშირდება, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.
ბუდანოვის განმარტებით, ომის დასრულების საკითხი კომპლექსურად გადაწყდება - ბრძოლის ველზე და კაბინეტებში. თუმცა, მხოლოდ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის კოორდინირებული ძალისხმევით არის შესაძლებელი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დარწმუნება ომი დაასრულოს.
„ჩინეთი - დიახ, მაგრამ ჩინეთს ამაში საკუთარი, ვთქვათ, სარგებელი აქვს. სწორედ ამიტომ გამოხატავს ჩინეთი თავის ოფიციალურ პოზიციას ამგვარად და კარგია, რომ ისეთია, როგორიც არის, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად განსხვავებულად ყოფილიყო. გაცილებით უარესი იქნებოდა, თუ ჩინეთი ღიად პრორუსულ პოზიციას დაიკავებდა. ეს ჩვენთვის პრობლემა იქნებოდა, თანაც სერიოზული, ყველა შემდგომი შედეგით“, - აღნიშნა ბუდანოვმა.