ირაკლი ჩომახაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - გამოძიების ეტაპზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის, გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის - ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული - Palitra News

ირაკლი ჩომახაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - გამოძიების ეტაპზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის, გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის - ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული

2026-07-07 11:32:38+04:00

გამოძიების ეტაპზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის, გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.

ჩომახაშვილის შეფასებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და ბრალდების მხარის ქმედებები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

,,მოწმეები არამარტო გიორგი ქადაგიძეს ახსენებენ, არამედ სხვა უამრავი ადამიანი არის უკვე ნახსენები. ჩვენი მოცემულობა ის არის, რომ ცუდია, რომ ეს გაჟღერებულია იმიტომ, რომ ეს არის პოლიციის თანამშრომლების ცრუ ჩვენებები, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა.

გამოძიების სტადიაზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის, გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ჩვენ თავიდანვე ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და როდის რას გადაწყვეტს ბრალდების მხარე, ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა მხოლოდ გიორგი ქადაგიძეზეა საუბარი, არამედ სხვა უამრავ ადამიანზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გამოძიების საკითხი და არ გაჟღერებულა, თან ეს არის ნეგატიური მოსაზრება და ნეგატიური მოსაზრების გაჟღერება სახელითა და გვარებით საჭიროდ არ მიმაჩნია.

რასაც ედავებიან ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს და ა.შ. იდენტურად არის ჩამონათვალში მითითებული და, მათ შორის, სხვა ცნობილი პირებიც არიან დასახელებული პოლიციის მხრიდან.

ვიდეო ჩანაწერებზე მსგავსი არაფერი არ ჩანს. მოგეხსენებათ, ვიდეო ჩანაწერები არის უტყუარი მტკიცებულება და თუ ვიდეო ჩანაწერებზე არ ჩანს, მაშინ შეუძლებელია, რომ სასამართლომ პოლიციელების ჩვენება გაიზიაროს იმიტომ, რომ 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება”, - განაცხადა ჩომახაშვილმა.