„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია. მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება, თუმცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის თარიღი და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნებიან თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალური კანდიდატები. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის რჩეულად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. თავად ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თავმჯდომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც განმარტავს, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ამის კომპეტენცია არ გააჩნია. ჟურნალისტი თვლის, რომ სწორედ სააკაშვილი უნდა იყოს როგორც რეფორმების ხელმძღვანელი, ისე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც.