ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს - Palitra News

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

2026-07-07 13:54:45+04:00

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. ახალი წესები 1-ელი სექტემბრიდან შედის ძალაში. საქმე ეხება ცვლილებას, რომელიც „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ შედის და რომლის თანახმადაც, უნაღდო ფორმით, ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები, საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს, მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან, ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ. ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტია გახსნილი. ბრძანებით ასევე განისაზღვრა, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება უარი თქვას ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ პუნქტს გადაუხდელი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა, ან არ ასრულებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მითითებით დადგენილ მოთხოვნებს. ახალი წესები ამკაცრებს საოპერაციო აღრიცხვის მოთხოვნებსაც. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებული იქნებიან ყველა ოპერაცია სპეციალურ პროგრამაში რეალურ დროში ასახონ, ხოლო ნაღდი თანხის შეტანისა და გატანის თითოეულ ოპერაციაზე პროგრამულად დაბეჭდილი ქვითარი გასცენ, რომელიც განსაზღვრულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. ცვლილებები ეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსაც. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიდეოკამერები უნდა იყოს დამონტაჟებული როგორც პუნქტის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე, ვიდეოჩაწერა კი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. გარე კამერების ჩანაწერები მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ხოლო შიდა კამერების ჩანაწერები არანაკლებ 180 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩანაწერები ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს. ამასთან, წესში დამატებულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეეძლება პუნქტის რეგისტრაცია გააუქმოს. მათ შორისაა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, ასევე ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტულ სუბიექტს ან მთლიანად საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.