ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებს სანქციებს უმკაცრებს. რიგ დარღვევებზე ჯარიმა 20 000 ლარამდე იზრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ ცვლილებები შეიტანა, რომლებიც 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, იზრდება სანქციები სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან ფორმით ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა, ასევე არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა, თითოეულ დარღვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის დროულად წარუდგენლობის, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება. ახალი წესით, აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობისთვის, სესხის გამცემი სუბიექტი თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარით დაჯარიმდება. დამატებით, რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 10 000-დან 20 000 ლარამდე განისაზღვრა, ხოლო სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები 2 000-დან 5 000 ლარამდე იქნება, დარღვევის ხასიათისა და განმეორებითობის მიხედვით. ცვლილებები შეეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით არსებულ მოთხოვნებსაც. კერძოდ, თუ სესხის გამცემ სუბიექტს არ ექნება შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და სანქცირებულ პირთა ავტომატურ იდენტიფიცირებას, ან სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იმუშავებს, ჯარიმა 15 000 ლარი იქნება. ამასთან, სანქციების რეჟიმის მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციის თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე 10 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.