უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარავინ აღარასდროს გაბედოს, მათ შორის, ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რათა ამას რაიმე პრეცედენტის სახე არ ჰქონდეს.
„მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარავინ აღარასდროს გაბედოს, მათ შორის, ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუკნეივჩიენეს ხელიდან საქართველოსთან დაკავშირებით კარგი არაფერი გამოვა, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმის ნიადაგი. მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია ამაზე, რათა ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და აღარავინ არ გაბედოს ევროკავშირის არც ერთი ინსტიტუციიდან, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში”.
“მე ვფიქრობ, ამის დიაგნოზი არის ის, რომ თავიანთი უნიათობით, თავიანთი არასწორი პოლიტიკით და არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი და ეკლესიის ხმისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს,” - განაცხადა ჯაღმაიძემ.