პაატა ცაგარეიშვილი - ანაკლიაში ჩინური მხარის შემოყვანის შემთხვევაში, გამორიცხული იყო, რომ იქ ევროპული ბანკები შემოსულიყვნენ, ეს ორი სისტემა ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლებდა, ახალი მოდელით კი ჩინეთი აღარ იქნება - სახელმწიფო სწორ კალაპოტში შემოტრიალდა - Palitra News

პაატა ცაგარეიშვილი - ანაკლიაში ჩინური მხარის შემოყვანის შემთხვევაში, გამორიცხული იყო, რომ იქ ევროპული ბანკები შემოსულიყვნენ, ეს ორი სისტემა ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლებდა, ახალი მოდელით კი ჩინეთი აღარ იქნება - სახელმწიფო სწორ კალაპოტში შემოტრიალდა

2026-07-07 14:44:10+04:00

როდესაც სახელმწიფო ინტენსიური მშენებლობის ფაზაში გადაიყვანს [ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის] დაღრმავებისა და მოლოს მშენებლობას, საკმარისია იმისთვის, რომ დონორმა ორგანიზაციებმა, საფინანსო ინსტიტუტებმა, მიიჩნიონ, ანაკლიის პროექტი არის საბანკოდ მიმზიდველი -თუ ჩვენ ჩინურ მხარეს შემოვიყვანდით, გამორიცხული იყო, რომ ევროპული ბანკები შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ სტუმრობისას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარების ახალ ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პროექტის პირველი ფაზა დაწყებულია, თუმცა საჭიროა ინტენსივობა, გაძლიერება და შედეგად, დაახლოებით ორ წელიწადში საბანკოდ მისაღებ პროექტად იქცევა.

„ჩვენ 2025 წლის 30 მარტს გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია „ლენდლორდის“ მოდელის შესახებ და ვთქვით, რომ ეს ყველაზე მორგებული მოდელი იყო, ამას გავუსვით ხაზი. ანაკლიის ნავსადგურის პროექტი, დაახლოებით, ოთხი ფაზისგან შედგება: 1. ეს არის დაღრმავება და მოლოს მოწყობა; 2. სახმელეთო ნაწილი, სადაც ტერმინალები ნავმისადგომები, ამწე დანადგარები უნდა განთავსდეს; 3. იმისთვის, რომ ანაკლიის ნავსადგურთან განხორციელდეს მიმოსვლა სახმელეთო ანუ სარკინიგზო და საავტომობილო მხარე უნდა მოწესრიგდეს და 4. აუცილებლად დაგვჭირდება ფინანსური რესურსის ჩადება - ეს ტვირთნაკადი რომ მოვა და ამას გადმოვამისამართებთ რკინიგზის მიმართულებაზე, ხობიდან სამტრედიამდე მიმართულების გაძლიერება იქნება საჭირო.

ჯერჯერობით, სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც არის, პირობითად, 5 მლნ ტონაზე გათვლილი, ამას რომ დაემატება ანაკლიიდან წამოსული ტვირთნაკადი, აუცილებელი იქნება კაპიტალური შეკეთება, სასიგნალო დენის გაყვანა. სისტემური ცვლილება დასჭირდება ამ მიმართულებით, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი ფაზა, დაღრმავება და მოლოს მოწყობა. როდესაც სახელმწიფო ინტენსიური მშენებლობის ფაზაში გადაიყვანს ამ დაღრმავებისა და მოლოს მშენებლობას, საკმარისია იმისთვის, რომ დონორმა ორგანიზაციებმა, საფინანსო ინსტიტუტებმა, მიიჩნიონ, რომ ანაკლიის პროექტი არის საბანკოდ მიმზიდველი. ეს უკვე ხსნის მეორე ფაზას, მეორე ნაბიჯს. ანუ როგორც კი საბანკო სექტორი დაინახავს, რომ პირველი ფაზა, დაღრმავება და მოლოს მოწყობა, წარმატებით, დროში გაწერილად მიმდინარეობს, აქ 152 მლნ დოლარზეა საუბარი, უკვე რეალურად მიდის იმ დაშვებაზე, რომ ან სახელმწიფოს მისცეს ფინანსური რესურსი... თუ ჩვენ ჩინურ მხარეს შემოვიყვანდით, გამორიცხული იყო, რომ ევროპული ბანკები შემოსულიყვნენ. ეს ორი ქვესისტემა ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლებდა. ამ „ლენდლორდის“ მოდელის დადებითი არის ის, რომ ჩინეთი უკვე აღარ იქნება. როცა აშენდება, შეიძლება მაშინ გადავცეთ ტერმინალი. ამ ეტაპზე არ იქნება. აქედან გამომდინარე, საბანკოდ განწყობილი პროექტია. ფაქტობრივად პირველი ფაზა დაწყებულია. ამას უნდა ინტენსივობა, გაძლიერება, სინქრონიზაცია მესამე ეტაპთან. დაახლოებით, ორ წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი ჩათვლის, რომ ეს პროექტი საბანკოდ მისაღებია.

დღეს ჩვენ სამი ნავსადგური გაგვაჩნია: ფოთი, ბათუმი, ყულევი. ჯამში 15-იდან 17 მლნ ტონა ტვირთვის ტვირთბრუნვა აქვს ამ სამივე ნავსადგურს. მე მიმაჩნია, რომ ძალიან ცოტაა. სამივე ნავსადგურის ჯამური ტვირთბრუნვა თურქეთის საშუალო დონის ნავსადგურსაც კი არ გააჩნია. ეს მოდელი ჩემი აზრით, შემობრუნების წერტილია და ის, რომ სახელმწიფო სწორ კალაპოტში შემოტრიალდა, ეს ცალსახაა“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. მისივე თქმით, ტერმინალები, რომელიც როგორც მშრალი, ასევე საკონტეინერო ტვირთისთვის იქნება, იჯარით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.

ქვრივიშვილის განცხადების თანახმად, 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს.