მედია - როჯერ უიკერმა ჯო უილსონს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიიდან ვაშინგტონში დელეგაციის რეისით დაბრუნება აუკრძალა - Palitra News

მედია - როჯერ უიკერმა ჯო უილსონს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიიდან ვაშინგტონში დელეგაციის რეისით დაბრუნება აუკრძალა

2026-07-07 17:48:31+04:00

ორ „რესპუბლიკელ“ მაღალჩინოსანს, მისისიპის შტატის სენატორს, როჯერ უიკერსა და სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელს, ჯო უილსონს შორის დავა შაბათ-კვირას გამწვავდა, როდესაც ერთმა მეორეს დელეგაციის რეისით ვაშინგტონში დაბრუნება დროებით აუკრძალა, - ამის შესახებ გამოცემა Semafor-ი წერს.

გამოცემის ცნობით, როჯერ უიკერსა და ჯო უილსონს შორის უთანხმოება პირველად მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ისინი წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიემგზავრებოდნენ.

გამოცემა წერს, რომ უილსონი 2024 წლიდან ლობირებდა, რომ მომავალი წლის სესია მის მშობლიურ შტატში გამართულიყო. როგორც ჩანდა, უიკერიც ეთანხმებოდა ამ იდეას - მარტში მან ხელი მოაწერა ორპარტიულ წერილს, რომელშიც ღონისძიების ჩასატარებლად ფედერალური ბიუჯეტიდან 4 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ პოზიცია შეცვალა. ხუთშაბათს მან უილსონს დაურეკა და აცნობა, რომ შეხვედრას ჩარლსტონი ვეღარ უმასპინძლებდა.

„ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. არც კი ვიცოდი, რომ ზაფხულის სესიის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა, სანამ ხუთშაბათს არ დამირეკა“, - განუცხადა უილსონმა Semafor-ს.

Semafor-ი წერს, რომ უიკერმა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ უილსონის თვითმფრინავი დაეშვებოდა, განაცხადა, რომ აშშ მომავალ წელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას აღარ უმასპინძლებს.

საპასუხოდ, უილსონმა X-ზე დაწერა, რომ „ჩარლსტონში სესიის ჩატარებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და მას ფართო მხარდაჭერა აქვს, ბოროტი ჭორის“ მიუხედავად.

„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და საპირისპირო განცხადებები ამას ვერ შეცვლის. დროა, შეწყვიტოთ საკუთარი თავისა და აშშ-ის დელეგაციის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება“, - მისწერა უიკერმა უილსონს ტექსტურ შეტყობინებებში, რომლის შინაარსიც Semafor-ისთვის გახდა ცნობილი.

„თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტთ... აღარ ხართ უიკერის კონგრესის დელეგაციის წევრი. გთხოვთ, აშშ-ში დასაბრუნებლად სხვა გზა მოძებნოთ“, - აღნიშნულია კონგრესმენის შეტყობინებაში.