11 ივლისს, შაბათს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში გაიმართება. ღონისძიება შაბათის ტრადიციული მსვლელობის ფარგლებში მოეწყობა. ორგანიზატორების განცხადებით, მარში იმ ქართველ გმირებს ეძღვნება, რომელთაც უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს. მათივე შეფასებით, სწორედ ამ მებრძოლების თავდადება აძლიერებს საზოგადოების წინააღმდეგობას ოკუპაციის მიმართ და ქვეყნის დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და მომავლის დაცვის მოტივაციას. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში 120-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.