უკრაინა რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებულ 40-დღიან ოპერაციას ინტენსიურად აგრძელებს. ბოლო ცნობებით, უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, ომსკის საწარმომ, შეაჩერა. ობიექტი ციმბირში მდებარეობს და მასზე განხორციელებული იერიში ომის განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე შორ მანძილზე განხორციელებულ შეტევად სახელდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ომსკის ქარხანა რუსეთში ბენზინის უმსხვილესი მწარმოებელია, ამიტომ მისი გაჩერება ქვეყნის საწვავის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შეფასებების მიხედვით, ამან შესაძლოა რუსეთში საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმაოს და სამხედრო თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინოს.