კახა კალაძის პასუხი ჰგავს შემდეგს - როდესაც ექიმთან მივა ადამიანი გულის ტკივილის ჩივილით და ექიმმა რომ უთხრას, გული ყველას სტკივა ან წნევა რომ აწუხებდეს ადამიანს და ექიმმა დაუბრუნოს, არა უშავს, წნევა ყველას აწუხებს. აი, ასეთი არის თბილისის მერის პასუხი და ბუნებრივია, ის აბსოლუტურად მიუღებელია თბილისისა და თბილისელებისთვის, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც დედაქალაქში მოსული წვიმის შედეგებს ეხებოდა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის თქმით, თბილისელები თბილისის ბიუჯეტში სოლიდურ თანხას იხდიან, 2026 წლისთვის დედაქალაქის ბიუჯეტი არის 2 600 000 000 ლარი, შესაბამისად, მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ყოველი წვიმის დროს წვიმაში არ უწევდეთ დგომა.
„თბილისში, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ჩნდება კითხვა, მართლა წვიმა გვაზიანებს, თუ გაუმართავი სისტემა? ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა, ფაქტობრივად, მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია და კარგად დაანახა თბილისსა და თბილისელებს, რამდენად გაუმართავი, არაეფექტური და არაკომპეტენტური სისტემა შექმნა კახა კალაძემ და თბილისის მერიამ.
დაიტბორა თბილისის ნახევარი - დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი, გლდანის, ვარკეთილის ნაწილი და არაერთი სხვა ლოკაცია. გუშინ, თბილისის შემოსასვლელში ჩამოიშალა კლდე, რამაც დამატებითი საფრთხე შექმნა თბილისში შემომსვლელებისთვის. ასევე გუშინ, წყალი ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა რაც მოხდა, ეს იყო ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარედ, მარიჯანის 4 ნომერში, სადაც ჩამოიშალა ფერდობი, ჩავარდა მიწა. 14 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეუქმნა რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი არის იქიდან გამოწვეული, რომ თბილისი არ ვითარდება ეფექტურად, არის არასწორი ურბანული განვითარება, იზრდება მხოლოდ კორპუსების რაოდენობა, რასაც ფეხს ვერ უწყობს საინჟინრო ნაგებობების გამართვა და სანიაღვრე სისტემები. 2026 წელს, თბილისში სანიაღვრე სისტემებისთვის გამოყოფილია მხოლოდ 4 400 000 ლარი, რაც იმ მასშტაბის პრობლემისთვის, რის წინაშეც თბილისი ყოველი წვიმის დროს დგება, არის აბსოლუტურად არასერიოზული თანხა“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.