მიხეილ სააკაშვილი - პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ - საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად, გადავწყვიტე, ნანუკა იყოს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და ჩემი მთავარი კავშირი ხალხთან - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ - საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად, გადავწყვიტე, ნანუკა იყოს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და ჩემი მთავარი კავშირი ხალხთან

2026-07-08 14:16:55+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.

„ბოლო კვირებში აქტიურად მიმდინარეობს ჩემ მიერ ინიცირებული დისკუსია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე, რომელშიც ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამდენი ადამიანის ჩართულობა ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელობას ქვეყნის გადარჩენისა და შემდგომი განვითარებისთვის. ამავე დროს, ხალხი უკმაყოფილოა ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობით და ითხოვს ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ძირეულ და სისტემურ რეფორმებს!

დღეს, 8 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, რადგან მათ ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს რეგიონებში - იქ იყო, არის და ყოველთვის იქნება მოძრაობის მთავარი ძალა და დაუმარცხებელი სულისკვეთება! ჩვენ ვართ დემოკრატიული მოძრაობა და ამ წესს აუცილებლად დავიცავთ, ამჯერად როტაციას არა ჩვეული წესით, არამედ სრულიად სხვა, ახალი გზით მოხდება.

ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეშია, არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

მე ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც, პრაქტიკულად, ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც.

ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა.

პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი.

ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ხელი ძალიან შემიშალა. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან.

შემოდგომაზე რეფორმატორთა საბჭო გამოაცხადებს ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას. მოძრაობა გახდება მაქსიმალურად ჰორიზონტალური, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა წევრი და აქტიური მხარდამჭერი, ფორმალური თანამდებობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და ყველა შიდა სტრუქტურა იქნება საყოველთაო კენჭისყრით არჩევადი და შეცვლადი.

ქვეყანაში არის დიქტატურა და ტრადიციული სტრუქტურით პარტიების ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური. ჩვენ უნდა გავშალოთ ფართო ფრონტი და განვახორციელოთ დიქტატურისთვის "ათასი ჭრილობის" მიყენების და ამ გზით მისი წაქცევის პროგრამა. ეს სტრუქტურა უნდა მოერგოს პარტიის შესაძლო ფორმალურად გაუქმების საფრთხესაც. ერთია, როცა მოძრაობას აქვს რამდენიმე ოფისი, რომელთა დახურვა დიქტატურისთვის ადვილია, ან ჰყავს რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელთა იზოლაცია შესაძლებელია, და მეორეა - როცა ეს არის მთლიანად დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომელიც ისეა გაშლილი და ფესვგადგმული, რომ მისი ამოძირკვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება; როცა ყველა წევრის, აქტივისტის და მხარდამჭერის სახლი არის ცალკე, ავტონომიურად არსებული ოფისი. როცა არცერთი ლიდერის დაკავებას პრინციპში აღარ აქვს აზრი, რადგანაც ყველა ლიდერია!

ჩვენი დაფინანსების მოდელიც მეტად დაიხვეწება და ჩვენს ხალხს მისცემს პირდაპირი ჩართულობის ბევრად გამარტივებულ საშუალებას.

ჩვენი მიზანია არა სხვებთან კონკურენცია და უაზრო დებატები, არამედ სამიზნის გასწორება დიქტატურის მოშორებაზე, ამ ურთულეს ისტორიულ მომენტში, უზარმაზარი საფრთხეების პირობებში საქართველოს გადარჩენაზე და დიდი რეფორმების გზაზე დაბრუნებაზე.

ასეთია ჩემი მოსაზრებები. აბა, თქვენ რას ფიქრობთ? - წერს სააკაშვილი.