პროკურატურა - ბაჩო ახალაიას ედავებიან არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას - Palitra News

პროკურატურა - ბაჩო ახალაიას ედავებიან არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას

2026-07-08 15:47:10+04:00

ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყება მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტავს, ბაჩო ახალაიას ედავებიან არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას.

„კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება“. შესაბამისად, მისი ქმედება - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2026 წლის 6 ივლისს, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.