პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შემზღუდავი კანონების გაუქმება - ასეთია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დოკუმენტი მმართველ ძალას ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის განხილვასა და კენჭისყრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. დელეგაციის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ასამბლეის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, საკუთარი პოზიციის დაცვა სწორედ საპარლამენტო დისკუსიაში უნდა ხდებოდეს. ხელისუფლებაში რეზოლუციას პოლიტიკურად მოტივირებულსა და უსაფუძვლოს უწოდებენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკაფიო საერთაშორისო შეფასებაა და ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.