გია ხუხაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს, ეს არის ორი სექტა - „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქვია მიშა და „ქართულ ოცნებას“ - ბიძინა - Palitra News

გია ხუხაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს, ეს არის ორი სექტა - „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქვია მიშა და „ქართულ ოცნებას“ - ბიძინა

2026-07-08 22:17:44+04:00

ნიფნიფებით“ და „ნუფნუფებით“ არის სავსე ყველაფერი. კალაძის ფრთიანი ფრაზა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ქალაქის მერი, რომელიც ასე მანკიერად აზროვნებს, ამით ყველაფერი ნათქვამია, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება.

ამასთან, პოლიტოლოგი სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით კალაძის განმარტებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაჭედილი სანიაღვრეების არსებობა საყოველთაოდ ცნობილი პრობლემაა, რის წარმოჩენაც, მისი შეფასებით, განსაკუთრებულ აღმოჩენად არ უნდა ხდებოდეს.

„როგორც ჩანს ხელისუფლება დიდ ფინანსურ რესურს დებს პროპაგანდაში. სოციალურ ქსელში უამრავი „ფულ გადახდილი“ ვიდეო დევს სხვადასხვა ქალაქის ქუჩები როგორ იტბორება. ამაში იხდიან ფულს, ამით უნდათ გადაფარონ. სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან საკადრო პოლიტიკა ეწყობა არა პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, არამედ ნდობაზე, ლოიალობაზე და ნეპოტიზმზე. სისტემა, რომელიც ამ კრიტერიუმებით შედება, ბუნებრივია, ასეთ სისტემაში სულ იქნება პრობლემები. „ნიფნიფებით“ და „ნუფნუფებით“ არის სავსე ყველაფერი. კალაძის ფრთიანი ფრაზა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ქალაქის მერი, რომელიც ასე მანკიერად აზროვნებს, ამით ყველაფერი ნათქვამია.

როდესაც ქალაქის მერი, ასეთ ბანალურ რაღაცას ამბობს, სამარცხვინოა. რა თქმა უნდა, სანიაღვრეები თუ არის, ისიც იჭედება. აღმოჩნდა, რომ თურმე თვითონ არ იცოდა ეს, დაინტერესდა და გაარკვია - „ნიფნიფს“ და „ნუფნუფს“ ჰკითხა, შემდეგ გამოვიდა და ბრძნული სახით აბსოლუტურად ბანალური ჭეშმარიტება შემოგვასაღა, როგორც ბრძნული დიაგნოზი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, ხუხაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროცესებში შედეგს ვერ გამოიღებს.

ხუხაშვილი ჟორჟოლიანს წარმატებულ მენეჯერად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ იმ პროცესში ერთვება, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.

„სიზიფეს შრომაა ეს ყველაფერი. არაფერი გამოვა. ნანუკა ჟორჟოლიანს პატივს ვცემ, საქმიანი ადამიანია, ბევრი რამ ჰაერიდან აქვს შექმნილი და გაკეთებული. მენეჯერული თვისებებიც ძლიერი აქვს, მაგრამ რაღაც სისულელეში ყოფს თავს, რადგან აქედან არაფერი გამოვა. ფაქტობრივად, უცხო სხეულში შედის. იქ [„ნაციონალური მოძრაობა“] ყველა ჩასაფრებულია. ნანუკას ჯერ არ ჰქონია პარტიულ აპარატთან შეხვედრა. ის პროექტი, რომ პარტიას სამეთვალყურეო საბჭოს უნიშნავენ, ეს პროექტი ადრეც იყო. მეც კი შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. ჩემი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერი ფორმით, ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ, რომ შემომთავაზეს და რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია, რადგან, მისი შეფასებით, ამომრჩევლისთვის პარტია წარსულთან ასოცირდება, ხოლო „ქართული ოცნება“ - აწმყოს პრობლემებთან.

„ამ პარტიას არ აქვს ელექტორალური ზრდის არანაირი პოტენციალი. საქმე იმაშია, რომ საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნებზე წავა მომავლის ასარჩევად, მის ცნობიერებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება მანკიერ წარსულთან, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან. არ უნდათ ამ ადამიანებს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანი. მომავლის არჩევანი უნდა და მომავალთან არ ასოცირდება, არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“. რაც არ უნდა ფოკუსები ატარონ, არც ერთი ამომრჩეველი იქით გამხედავი არ არის. რაც არ უნდა რეორგანიზაცია ჩაატარონ, არაფერი უშველით.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს. ეს არის ორი სექტა. ორი მონოთეისტური რელიგია. „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქვია მიშა და „ქართულ ოცნებას“ - ბიძინა. ამ ორ ღმერთზე აშენებული ორი სექტაა. მათ შორის დაპირისპირება ეს არის ჭეშმარიტი რელიგიის დაფუძნებისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. მისი თქმით, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პროექტს საგარეო პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტად განიხილავს.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ პროექტის კონტროლის შენარჩუნება და სხვადასხვა ოპერატორისთვის მისი დივერსიფიცირებულად გადაცემის მოდელი მისთვის მისაღებია.

„რაც შეეხება მოდელს, არსებულ მოცემულობაში მოდელი მომწონს. რეალურად, ინვესტორად ვინ შეიძლება შემოსულიყო ან ჩინეთი, ან თურქეთ-აზერბაიჯანი, ან რუსეთი. სხვა ინვესტორი არ გამოჩნდებოდა. დასავლეთი არ შემოდიოდა იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მოექცნენ ამერიკელ ინვესტორებს. ჩვენ არ გვაწყობდა არც ერთი მხარე, როგორც ამ პორტის მაკონტროლებელი. შესაბამისად, ის რომ სახელმწიფო იტოვებს ამ პროექტს და დივერსიფიცირებულად აპირებს სხვადასხვა ოპერატორებისთვის გადაცემას, ეს მოდელი ჩემი აზრით, არის სწორი. ხელისუფალი ანაკლიის პორტით აპირებს ვაჭრობას. ყველასთან ვაჭრობს, ვისგანაც რას გამორჩება. იმის მიხედვით შეძლებს თუ არა რამის გამოვაჭრების, იმის მიხედვით მოიქცევა. ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი სავაჭრო ინსტრუმენტია, რომელიც დღეს ჯიბეში უნდა ჩაიდოს და ხვალ რა კონიქტურა ჩამოყალიბდება იმ აქტივით ივაჭროს. ან გააჩეროს და ამით რუსეთს აამოს. ან პირიქით, თუ პუტინი დასუსტდება, ამერიკელებს და ევროპელებს ევაჭროს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.