ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტის ზედამხედველობაზე ტენდერი გამოცხადდა. მომსახურების შემსყიდველი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა, რომელიც ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტის საზედამხედველო და საკონსულტაციო მომსახურებაზე შესყიდვას აცხადებს და სავარაუდო ღირებულებად 4 342 464 ლარს ასახელებს. ტენდერში წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტი თბილისთან ახლოს, ქსნის ქვესადგურში განთავსდება და გადამცემ ქსელს 220 კვ სიმძლავრეზე მიუერთდება. მიზნობრიობის თვალსაზრისით კი ის მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგეტიკულ ქსელში განახლებადი ენერგიის უფრო მაღალი მოცულობით ინტეგრაციის შესაძლებლობას. ტექნიკური დავალების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიმატისა და სტიქიური კატასტროფების მიმართ მდგრადი ბატარეების სისტემის დიზაინის, მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის ზედამხედველობა. ეს პროცესი ასევე მოიცავს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორისა და ქსელთან მიერთების სამუშაოების კონტროლს.
„პროექტის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც ნაწილობრივი, ისე მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის რისკებს ქსელის სტაბილურობის განმტკიცებით, მათ შორის ავარიული სიტუაციების დროსაც“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, ეს იქნება ელექტროენერგიის მაგროვებელი ბატარეების პირველი სისტემა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 200 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შენახვა გახდება შესაძლებელი. „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების ამ მასშტაბურ პროექტს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.
პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 147 მლნ დოლარია. გეგმის მიხედვით, ახალი ენერგოდამაგროვებლები ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს შევა.