ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოზე - როდესაც ორგანიზაციას შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია, მართლა ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს შენს მოწვევას? - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოზე - როდესაც ორგანიზაციას შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია, მართლა ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს შენს მოწვევას?

2026-07-09 15:22:51+04:00

ეს დოკუმენტი თავიდან ბოლომდე ჯო უილსონისა და იმ პოლიტიკური წრეების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგია, რომლებიც უპირატესობას არა დემოკრატიულ პროცესებს, არამედ საკუთარი მიზნების ნებისმიერი გზით მიღწევას ანიჭებენ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ “ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს.

მისი თქმით, მიუღებელია ისეთი ორგანიზაციის “ამ მდგომარეობამდე მიყვანა, რომელიც წესით უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი რეზოლუციების მიღების შედეგად საფრთხის შემცველი გახდა.”

“როდესაც ისინი ამ მიზნებს ვერ აღწევენ, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტის გამოყენებას იწყებენ. ისინი ამას აკეთებენ სწორედ ასეთი დამაზიანებელი, არაკანონიერი და არაკორექტული განცხადებებისა თუ რეზოლუციების მისაღებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ. უილსონის ფიგურა და მისი საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი.

ეუთო, რომელიც 2024 წლის არჩევნების მთავარი დამკვირვებელი იყო, რომლის დელეგაციამაც არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და მიულოცა კიდეც საქართველოს, სწორედ ამ ძალების ზეწოლის ქვეშ მოექცა. ამის გამო ორგანიზაცია საკუთარი დასკვნის დაცვასაც კი ვერ ახერხებს. ასეთი ორგანიზაციის ამ მდგომარეობამდე მიყვანა, რომელიც წესით უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი რეზოლუციების მიღების შედეგად საფრთხის შემცველი გახდა, მიუღებელია. მათ საკუთარი სადამკვირვებლო მისიის შედეგების დაცვის უნარიც კი დაკარგეს. ბუნებრივია, საქართველოს დელეგაცია ვერ მიიღებდა მონაწილეობას ასეთი მანიპულაციური წესითა და ყალბ მოცემულობებზე შედგენილი დოკუმენტის დამტკიცებაში. ეს იყო ჩვენი მხრიდან სწორი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოიწვევს თუ არა მმართველი გუნდი ეუთო-ს მომავალ არჩევნებზე, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ რომ ეუთო-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის არის პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოსაყენებელი პლატფორმა.

„როდესაც ორგანიზაციას შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია, მართლა ჩნდება კითხვა - რა აზრი აქვს შენს მოწვევას? როდესაც სხვა სახელმწიფოში ისეთ დასკვნას დაწერ, რომ იქ არჩევნები შეიძლება გაუქმებულადაც გამოაცხადო, აქ კი მას დიდი ამბით ულოცავ ყველას - აი, ასეთ შემთხვევაში ეს კითხვა მარტო მე კი არა, მთელ ქართულ საზოგადოებას აქვს. სხვათა შორის, ეს კითხვა იმ საზოგადოებასაც აქვს, რომელიც ეუთო-ს სხდომის მიმდინარეობისას ქართულ დელეგაციასთან კულუარებში მიდიოდა, ბოდიშს უხდიდა და ამბობდა: არ აქვთ ის პოლიტიკური ნება, რომ სიმართლეს ბოლომდე დაუდგნენ გვერდშიო. ამიტომ, ეს კითხვა თვითონ მათვე გააჩინეს.

ამ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ ეუთო-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის არის პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოსაყენებელი პლატფორმა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.