ლევან დოლიძე - ანკარის სამიტი არ იყო პირველი სამიტი, სადაც საქართველო არ მონაწილეობდა, ამაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ნატო-ს დღის წესრიგმა - გაცილებით დამაზიანებელია ევროკავშირის ფარგლებში განხილვებში არმონაწილეობა - Palitra News

ლევან დოლიძე - ანკარის სამიტი არ იყო პირველი სამიტი, სადაც საქართველო არ მონაწილეობდა, ამაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ნატო-ს დღის წესრიგმა - გაცილებით დამაზიანებელია ევროკავშირის ფარგლებში განხილვებში არმონაწილეობა

2026-07-09 22:10:04+04:00

ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ლევან დოლიძის განცხადებით, საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ნატო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნეოდა, დღეს ამ სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფრთხის წინაშეა. როგორც ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ნატო-ს 2026 წლის ანკარის სამიტზე საუბრისას განაცხადა, ეს წლის სამიტი არის ანარეკლი იმ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს.

„ის განცხადებები, რომელიც სამიტის ფარგლებში გახმოვანდა, ჩანაწერები, რომელიც აისახა ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში, სრულ თანხვედრაშია იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან, რომელიც გლობალური მასშტაბით შეიმჩნევა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი სირთულეები და ასპექტები გამოიკვეთა. ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი. აქედან გამომდინარე სამიტმა დიდი ყურადღება დაუთმო ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების შეიარაღებას, მათი ხარჯების ზრდის მნიშვნელობას. ცხადია, ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ახლო აღმოსავლეთი“,- განაცხადა ლევან დოლიძემ.

მისივე თქმით, „დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში ჩვენს ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორებთან“.

„ეს ცხადია გავლენას ახდენს ჩვენ ურთიერთობებზე, როგორც ნატოს-თან, ასევე ევროკავშირთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო პირველი სამიტი, სადაც საქართველო არ მონაწილეობდა. ამაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ნატო-ს დღის წესრიგმა. მთავარი საკითხი იყო უკრაინა, ირანის კონფლიქტი, შესაბამისად, სახელმწიფოები, რომლებიც ამ სამიტზე იყვნენ მიწვეულები, ამ პრინციპით იყვნენ“,- განაცხადა დოლიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაზე ორიენტირებული პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

„იყო დრო, როდესაც საქართველო ყველაზე ღირებული პარტნიორი იყო ნატო-ში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამაზე გავლენა მოახდინა ნატო-ს დღის წესრიგმა. დღეს ვითარება საკმაოდ რთულია და კონკრეტული პრობლემები, იქნება ეს ნატო-ს სამიტი თუ ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატები, არის გამოვლინება იმ დიდი პრობლემისა, რომლის წინაშე დღეს საქართველო აღმოჩნდა. გაცილებით უფრო დამაზიანებელია საქართველოს არ მონაწილეობა ევროკავშირის ფარგლებში ჩატარებულ განხილვებში.

საგარეო პოლიტიკა, რომელიც გათვლილია საერთაშორისო იზოლაციაზე, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა სახელისუფლებო არხებიდან გვესმის, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს ფიქრი მულტისექტორულ პოლიტიკაზე. როდესაც ჩვენ მულტისექტორულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია რატომ უნდა დავაზიანოთ არსებული ვექტორი. მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს პარტნიორობა ჩინეთთან, გააძლიეროს კავშირები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. ამ პოზიციას ცხადია ვიზიარებ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ უნდა გახდეს ეს წინაპირობა სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანების“,- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, უკრაინასთან მიმართებით ნატო-ს მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დოლიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ არის და მასზე ნატო-ს მეხუთე მუხლი არ ვრცელდება, თანამშრომლობის გარკვეული ელემენტები უკვე ამოქმედებულია, რაც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს.

„უკრაინასთან მიმართებით მკაფიოდ აღინიშნა, რომ 70 მილიარდიანი იქნება ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც თავდაცვის შეიარაღებას მოხმარდება. ასევე ტრამპმა განაცხადა Patriot-ის სისტემის შესაძლო წარმოებაზე უკრაინაში და ამ მხრივ ლიცენზიის გადაცემა. რაც შეეხება ნატო - უკრაინის ურთიერთობას, ვფიქრობ, რომ აქაც სერიოზული ცვლილება გვაქვს. ნატო-უკრაინის ურთიერთობის პარადიგმა შეცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი და მასზე არ ვრცელდება მე-5 მუხლი, ცალკეული ელემენტები უკვე ამოქმედებულია, რაც მის თავდაცვის შესაძლებლობებს სერიოზულად აძლიერებს. შეიძლება ითქვას, დღეს თავად უკრაინა იქცა ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად“,- განაცხადა ლევან დოლიძემ.

დოლიძემ ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმზე ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმება თავიდანვე მყიფე იყო და მასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, ისე კონგრესში.

„ძალიან მყიფე იყო მემორანდუმი. დიდი მოლოდინი, რომ ეს მემორანდუმი დიდ ხანს იმუშავებდა, ნამდვილად არ მქონდა და ამაზე ძალიან ბევრიც დაიწერა. ამაზე გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის შიდა პოლიტიკის დღის წესრიგიც. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების გაფორმებამ საკმაოდ სერიოზული კითხვები გააჩინა, თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში. იგულისხმება, როგორც აღმასრულებელი შტო, ასევე კონგრესის დონეზე, სადაც საკმაოდ ბევრი კითხვა რესპუბლიკელების მხრიდანაც გაჩნდა. ტექსტის შინაარსი ქმნიდა მოლოდინებს იმისა, რომ ეს არ იქნებოდა საბოლოოდ შეთანხმებული პოზიციები“,- განაცხადა დოლიძემ.