Human Rights Watchი საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული კანონებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი აღსრულება მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვას. ანგარიშში დეტალურადაა განხილული ბოლო პერიოდში მიღებული კანონები. ორგანიზაციის რეკომენდაციით, ევროკავშირმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა რეპრესიული კანონების გაუქმება ხელისუფლებასთან ურთიერთობის ერთერთ მთავარ პირობად უნდა აქციონ, განიხილონ პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესება და გააფართოონ მხარდაჭერა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. ოპოზიციის შეფასებით, ეს დოკუმენტი ქართული ოცნების პოლიტიკის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო შეფასებაა. ოპოზიციისთვის ეს დოკუმენტი კიდევ ერთი დასტურია, იმისა, თუ როგორ დააზიანა საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საერთაშორისო რეპუტაცია და ევროპული ინტეგრაციის პროცესი.